ნინო დათუკიშვილი
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ–მასწავლებელი
სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების გამოყენება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში?
- ელექტრონული რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება;
- სასწავლო პროცესი საინტერესოა და სახალისო;
- სასწავლო პროცესში იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა;
- იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.
ყველა მოსწავლეს განსხვავებული კითხვის ტემპი აქვს. ზოგიერთს უჭირს წაკითხულის გააზრებაც. შესაბამისად, ყველა მოსწავლეს განსხვავებული დრო სჭირდება ტექსტის დასამუშავებლად. ამიტომ ქართულის გაკვეთილზე გამოვიყენე ტექნოლოგიები (ელექტრონული წიგნი) და შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დავგეგმე გაკვეთილი. მოსწავლეები სახლში კითხულობენ ჩემ მიერ დამზადებულ ელექტრონულ წიგნს, რომელიც დავალებად მივეცი. ყველა მათგანს შესწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. შესაბამისად, მათ ტექსტის დასამუშავებლად შეუძლიათ დახარჯონ იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა თითოეული მათგანისთვის, განსხვავებით ტრადიციული გაკვეთილისგან, სადაც ახალი მასალის დასამუშავებლად დრო მკაცრად განსაზღვრულია და ზოგიერთი მოსწავლისთვის არასაკმარისი. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დაგეგმილი გაკვეთილით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და ახლა სახლში ყურადღებითა და დამოუკიდებლად ამუშავებს ტექსტს.